Скрыть

ნეემია, Главы 8-9

Толкования
8:5
8:7
8:8
8:11
8:12
8:13
8:15
8:16
8:17
Глава 9 
9:2
9:5
9:10
9:31
9:36
9:37
9:38
როგორც ერთი კაცი, შეიკრიბა მთელი ერი იმ მოედანზე, წყლების კარიბჭის წინ რომ არის, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც უფალმა მისცა ისრაელს.
ეზრა მღვდელმა მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა რჯული კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა კაცებისგან, ქალებისგან და ყველა იმათაგან, ვისაც გაგების უნარი შესწევდა.
წყლების კარიბჭესთან რომ მოედანია, იქ კითხულობდა მას განთიადიდან შუადღემდე კაცების, ქალებისა და გამგებთა წინაშე. მთელი ერის ყური რჯულის წიგნზე იყო მიპყრობილი.
ეზრა მწიგნობარი იდგა ხის კვარცხლბეკზე, ამ საქმისთვის რომ იყო გამართული; მის ახლოს, ხელმარჯვნივ, მათითია, შემაყი, ყანაია, ურია, ხილკია და მაყასია იდგნენ; მის ხელმარცხნივ კი ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი, ხაშბადანა, ზაქარია და მეშელამი იდგნენ.
ეზრამ მთელი ხალხის თვალწინ გახსნა წიგნი, რადგან მთელ ხალხზე მაღლა იდგა. როდესაც გახსნა იგი, მთელი ხალხი ფეხზე წამოუდგა.
ეზრა აკურთხებდა უფალს, დიად ღმერთს. ხალხი კი ხელებაპყრობილი პასუხობდა: ამინ! ამინ! და თაყვანს-სცმდა უფალს პირქვე დამხობილი.
იესო, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარი, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები მათ წინ მდგომ ხალხს რჯულს განუმარტავდნენ.
კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნიდან, განმარტავდნენ და ხალხსაც ესმოდა წაკითხული.
ნეემიამ, განმგებელი რომ იყო, ეზრამ, მღვდელმა და მწიგნობარმა, და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, უთხრეს მთელ ხალხს: ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, ნუ იგლოვებთ და ნუ იტირებთ! (რადგან რჯულის სიტყვების გამგონე, მთელი ხალხი ქვითინებდა).
უთხრა მათ: წადით და ცხიმიანი ჭამეთ და ტკბილი დალიეთ, ნაწილი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არ მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისათვის. ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარულია თქვენი გაძლიერება.
ლევიანები ამშვიდებდნენ მთელ ხალხს და ეუბნებოდნენ: გაჩერდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ სწუხართო!
წავიდა მთელი ხალხი საჭმელად, სასმელად, წილობების დასაგზავნად და დიდი სიხარულის საყოფად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომელნიც მათ ამცნეს.
მეორე დღეს მთელი ერის მამისსახლთა თავკაცებმა, მღვდლებმა და ლევიანებმა ეზრა მწიგნობართან მოიყარეს თავი, რათა ჩასწვდომოდნენ რჯულის სიტყვებს.
ნახეს რჯულში დაწერილი, სადაც მოსეს მეშვეობით უფალი თავის ხალხს უბრძანებს, რომ ისრაელიანებმა მეშვიდე თვის დღესასწაულისას კარვებში იცხოვრონ.
რომ გამოუცხადონ და ხმა მიაწვდინონ ყველა ქალაქსა და იერუსალიმს; გადით მთაზე და მოიტანეთ ბაღის ზეთისხილისა და ველური ზეთისხილის ფოთლები, ღვიის, პალმისა და სხვა ხეების ფოთლები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით.
გავიდა ხალხი, მოიტანა და გაიკეთა კარვები ყველამ თავ-თავის ბანზე, ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლების კარიბჭისა და ეფრემის კარიბჭის მოედნებზე.
კარვები გააკეთა ტყვეობიდან დაბრუნებულმა მთელმა კრებულმა და ცხოვრობდა კარვებში, რადგან იესო ნავეს ძის შემდეგ ამ დღემდე ისრაელიანებს ასე არ გაუკეთებიათ. და იყო ძალზე დიდი სიხარული.
ყოველდღე კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნს, პირველიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდ დღეს იზეიმეს და მერვე დღეს კი საზეიმო თავყრილობა ჰქონდათ წესისამებრ.
ამავე თვის ოცდამეოთხე დღეს შეიკრიბნენ ისრაელიანები - მარხულნი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მტვერდაყრილნი.
გამოეყო ისრაელის მოდგმა ყველა სხვა უცხო გვარ-ტომს. ადგენენ და აღიარეს თავიანთი ცოდვები და მამა-პაპის უკეთურებები.
იდგნენ თავ-თავიანთ ადგილას, დღის მეოთხედში და უფლის, თავიანთი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, მეორე მეოთხედში კი აღსარებას ამბობდნენ და თაყვანს სცემდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
იესო, ბანი, ყადმიელი, შებანია, ბენი, შერებია, ბანი, ქენანი ლევიანთა ამაღლებულზე შედგნენ და ღაღადით მოუხმეს უფალს, თავიანთ ღმერთს.
ლევიანებმა - იესომ, ადმიელმა, ბანიმ, ხაშბანიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ უთხრეს: ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე. დაე, აკურთხონ შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებაზე აღმატებულია.
უფალო, შენ ერთადერთი ხარ; შენ შეჰქმენ ცანი და ცანი ცათანი თავისი მორთულობით, მიწა და ყველაფერი, რაც მასზეა, ზღვები და რაც მათშია; ამის ყველაფერის მაცოცხლებელი შენა ხარ და ზეცის მხედრობა შენ გეთაყვანება.
შენ სწორედ ის უფალი და ღმერთი ხარ, აბრამი რომ ამოარჩიე და გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან, და სახელად აბრაამი უწოდე;
შენ აღმოაჩინე რომ მისი გული მტკიცე იყო შენს წინაშე და ამიტომაც დაუდე აღთქმა, რომ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, იებუსელთა, გირგაშელთა მიწას მისცემდი მის მოდგმას. შენ შეასრულე შენი სიტყვა, რადგან მართალი ხარ.
შენ დაინახე ჩვენი მამა-პაპის გაჭირვება ეგვიპტეში და შეისმინე მათი ღაღადი მეწამულ ზღვაზე.
შენ მოეცი ნიშნები და სასწაულები ფარაონის, მის მორჩილთა და მისი ქვეყნის მთელი ხალხის წინააღმდეგ, რადგან იცოდი, რომ ისინი მზაკვრულად ექცეოდნენ მათ, შენ კი სახელი გაითქვი დღესამომდე.
მათი თვალწინ გააპე ზღვა და შუაგულ ზღვაში ხმელეთზე გაიარეს, მათი მხედრები კი ღურღუმელში ისე ჩაძირე, როგორც ლოდი აბობოქრებულ წყლებში.
დღისით ღრუბლის სვეტით მიგყავდა და ღამით ცეცხლის სვეტით, რათა ის გზა გაგენათებინა, რომელსაც ადგნენ.
სინაის მთაზე ჩამოხველ, ზეციდან ელაპარაკე მათ და სწორი სამართალი, ჭეშმარიტი რჯულნი, კეთილი წესები და მცნებები მიეცი.
ასწავლე მათ შენი წმიდა შაბათი; მცნებები, წესები და რჯული დაუწესე შენი მორჩილის, მოსეს ხელით.
პურს ზეციდან აძლევდი შიმშილის მოსაკლავად და წყალს კლდიდან გადმოუხეთქავდი წყურვილის დასაცხრობად. შენ უთხარი, რომ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად წასულიყვნენ, რომლის მიცემაც ფიცით გქონდა აღთქმული მათთვის.
მათაც და ჩვენმა მამა-პაპამაც შესცოდეს, გაიფიცხეს ქედი და ყურს აღარ უგდებდნენ შენს მცნებებს;
არც გაგონება ინდომეს, არც ის შენი საკვირველებანი გაიხსენეს, მათ რომ გაუკეთე. ქედი გაიფიცხეს და თავიანთი ურჩობით ბელადი დაიყენეს მონობაში დასაბრუნებლად. მაგრამ შენ ღმერთი ხარ, შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე; რისხვისას დინჯი ხარ, წყალობის გაღებისას კი უხვი, ამიტომაც არ მიატოვე ისინი.
თუმცა მათ ხბო ჩამოასხეს და თქვეს: აჰა, ის შენი ღმერთი, ეგვიპტიდან რომ გამოგიყვანა; დიდად გასწყრომი საქმეები ჩაიდინეს.
მაგრამ შენ შენი დიდი გულმოწყალებით არ სტოვებდი მათ უდაბნოში. დღისით ღრუბლის სვეტი არ შორდებოდა გზაზე საწინამძღვროდ, და ღამით ცეცხლის სვეტი, ის გზა რომ გაენათებინა, რომელსაც ადგნენ.
შენი კეთილი სული მიანიჭე მათ ჭკუის დასარიგებლად. შენი მანანა მათი პირიდან არ მოგიშორებია. ამავე დროს წყალს აძლევდი მათ წყურვილის მოსაკლავად.
ორმოც წელიწადს არჩენდი მათ უდაბნოში და არაფერი არ აკლდათ, სამოსელი არ უცვდებოდათ და ფეხები არ უსივდებოდათ.
მიეცი მათ სამეფოები და ხალხები და დაუნაწილე მათ. ისინი დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას, ბაშანის მეფისეულ ყოგის ქვეყანას.
ცის ვარსკვლავებივით გაუმრავლე ვაჟები და შეიყვანე იმ ქვეყანაში, რომელზეც მათ მამა-პაპას უთხარი, რომ მის დასამკვიდრებლად მივიდოდნენ.
მოვიდნენ ვაჟები და დაიმკვიდრეს ქვეყანა. შენ დაუმორჩილე მათ იმ ქვეყნის მკვიდრნი - ქანაანეღები, და მათ ხელში ჩაყარე მათი მეფენი, და იმ ქვეყნის ერნი, რათა მათ თავიანთი ნება-სურვილისამებრ მოქცეოდნენ.
დაიპყრეს ციხე-ქალაქები და პოხიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, კლდეში ამოკვეთილი ჭები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები და უამრავი ხეხილი. ჭამეს, დაძღნენ, დასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ, შენი დიდი სიკეთის წყალობით.
გაჯიუტდნენ და განგიდგნენ, ზურგს უკან გადაიგდეს შენი რჯული, ხოცავდნენ შენს წინასწარმეტყველებს, რომელნიც შეაგონებდნენ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენს წინაშე დიდად გასაწყრომ საქმეებს სჩადიოდნენ;
შენ ჩაყარე ისინი მტრის ხელში, რათა შეეჭირვებინათ, მაგრამ როცა გაჭირვების ჟამს შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან უსმენდი, და შენი დიდი გულმოწყალებისამებრ მხსნელებს უგზავნიდი და ისინიც იხსნიდნენ მათ მტრის ხელიდან.
როგორც კი სულს მოითქვამდნენ, კვლავ იწყებდნენ ბოროტის ქმნას შენს წინაშე. შენ მათ მტრის ხელში ყრიდი, და ისინიც მათზე ბატონობდნენ; მაგრამ თუ ისინი კვლავ მოიქცეოდნენ და შემოგღაღადებდნენ, შენ ზეციდან ისმენდი და შენი დიდი მოწყალეობისამებრ მრავალგზის იხსნიდი მათ.
შეაგონებდი მათ, შენ რჯულს დაბრუნებოდნენ, მაგრამ ჯიუტობდნენ და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და სცოდავდნენ შენი კანონების წინაშე, რომლითაც იცოცხლებს კაცი, თუკი შეასრულებს მათ; ისინი ჯიუტობდნენ, ქედს იფიცხებდნენ და ყურს არ უგდებდნენ.
მრავალი წელი თავს იკავებდი მათი გულისთვის, შეაგონებდი შენი სულით - წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ; ამიტომაც ჩაყარე ისინი ქვეყანათა ხალხების ხელში.
მაგრამ ბოლომდე არ შემუსრე ისინი შენი დიდი გულმოწყალებით და არ მიატოვე, რადგან მოწყალე და მოსიყვარულე ღმერთი ხარ.
ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო, აღთქმისა და მადლის შემნახველო, ნუღარ იცოტავებ ყველა იმ შეჭირვებას, ჩვენ, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს, ჩვენს წინასწარმეტყველებს, ჩვენს მამა-პაპასა და მთელ ჩვენს ხალხს რომ შეგვემთხვა აშურის მეფეთა დროიდან დღესამომდე.
შენ მართალი ხარ ყველაფერში, რაც კი ჩვენზე მოავლინე, ვინაიდან შენ წრფელად იქცეოდი, ჩვენ კი ბოროტებას ჩავდიოდით.
ჩვენი მეფენი, ჩვენი მთავრები, ჩვენი მღვდლები, ჩვენი წინასწარმეტყველები არ ასრულებდნენ შენ რჯულს, ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებსა და შეგონებებს, რომლითაც მათ შეაგონებდი.
არ გემსახურებოდნენ თავიანთი ხელმწიფობისა და შენს მიერ მინიჭებული კეთილდღეობის ჟამს იმ ვრცელსა და პოხიერ ქვეყანაში, შენ რომ უბოძე, და თავიანთი უკეთური საქმეებისგან უკან არ იხევდნენ.
აჰა, დამონებული ვართ დღეს; აჰა, იმ ქვეყანაში, ჩვენ მამა-პაპას რომ უბოძე, რათა მისი ნაყოფითა და დოვლათით ესაზრდოვა, დამონებული ვართ.
მისი უხვი მოსავალი იმ მეფეებისაა, რომელნიც ჩვენ დაგვიყენე ჩვენი ცოდვების გამო. ჩვენ სხეულებსაც ეპატრონებიან ისინი თავიანთ ნებაზე, და ჩვენს საქონელსაც, დიდ გასაჭირში ვიმყოფებით.
ყოველივე ამის გამო მტკიცე აღთქმას ვდებთ და ხელს ვაწერთ. ჩვენმა მთავრებმა, ლევიანებმა და მღვდლებმა დაბეჭდეს.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible