Скрыть
1:11
1:15
1:16
1:25
1:28
Глава 11 
11:4
11:5
11:6
11:9
11:10
11:11
11:12
11:13
11:14
11:15
11:16
11:17
11:20
11:21
11:22
11:24
11:25
11:26
11:29
11:30
11:32
11:33
11:34
Глава 15 
15:6
15:7
15:11
15:14
15:15
15:16
15:18
15:19
15:22
15:29
15:33
15:35
15:37
15:38
15:39
15:40
15:41
15:43
15:46
15:53
პავლე, იესო ქრისტეს მოწოდებული მოციქული ღვთის ნებით და ძმა სოსთენი,
ღვთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმენდილთ, მოწოდებულ წმიდებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს, ყველა ადგილას — მათთან და ჩვენთან:
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
მარადის ვმადლობ ღმერთს თქვენთვის, ღვთის მადლისათვის, რომელიც გებოძათ თქვენ ქრისტე იესოში,
იმიტომ, რომ გამდიდრდით მასში ყოველივეთი, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი ცოდნით,
რადგან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში,
ისე, რომ არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,
ვინც განგამტკიცებთ თქვენ ბოლომდე, რათა უმწიკვლო იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.
სარწმუნოა ღმერთი, რომლისგანაც იქენით მოწოდებულნი მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან თანაზიარებისათვის.
ხოლო მე შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით.
რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, ძმანო, ქლოეს ხალხისგან, რომ თქვენს შორის დავაა.
მე ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.
განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ან პავლეს სახელით მოინათლეთ?
მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპოსის და გაიოზისა,
რათა ვინმემ არ თქვას, რომ ჩემი სახელით მოინათლეთ.
მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი. მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე,
რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ სანათლავად, არამედ სახარებლად — არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი.
ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.
რადგან სწერია: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას არად ჩავაგდებ.“
სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ საუკუნის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ სოფლისა?
ვინაიდან, რაკი ღვთაებრივ სიბრძნეში ვერ იცნო ღმერთი სოფელმა თავისი სიბრძნით, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა ხსნა ქადაგების უგუნურებით.
რადგან იუდეველნი მოითხოვენ სასწაულებს და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,
ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის — უგუნურებას,
ხოლო მოწოდებულთათვის — იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც — ვქადაგებთ ქრისტეს — ღვთის ძალას და ღვთის სიბრძნეს.
რადგან უგნურება ღვთისა ადამიანებზე უბრძენესია და უძლურება ღვთისა — ადამიანებზე უძლიერესი.
ნახეთ, ძმანო, ვინ ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული.
არამედ სოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი, და სოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი.
მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული,
რომ არც ერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.
იმისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღვთისმიერ, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.
რათა იყოს, როგორც სწერია: „ვინც იქადის, უფლით დაიქადოს.“
ჩემი მომბაძავი იყავით, როგორც მე — ქრისტესი.
ამისათვის გაქებთ თქვენ, ძმანო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ინახავთ მოძღვრებებს, როგორც გადმოგეცით.
მაგრამ ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი — ქმარი და ქრისტეს თავი — ღმერთი.
ყოველი მამაკაცი, რომელიც თავდაფარული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავის თავს ირცხვენს.
და ყოველი დედაკაცი, რომელიც თავდაუფარავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, ვინაიდან ეს იგივეა, რომ გადაპარსული იყოს.
ვინაიდან, თუ დედაკაცი თავს არ დაიფარავს, გადაიპარსოს. ხოლო თუ დედაკაცს რცხვენია, იყოს გაკრეჭილი ან გადაპარსული, თავდაფარული იყოს.
ამგვარად, მამაკაცმა მართლაც არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა. ცოლი კი ქმრის დიდებაა.
ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი — მამაკაცისაგან.
ასევე მამაკაცი კი არ შექმნილა დედაკაცის გულისათვის, არამედ დედაკაცი — მამაკაცის გულისათვის.
ამიტომ დედაკაცი ვალდებულია, თავზე ჰქონდეს ხელმწიფების ნიშანი ანგელოზების გულისათვის.
თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში.
ვინაიდან, ისევე, როგორც დედაკაცი მამაკაცისაგან არის, მამაკაციც დედაკაცის მეოხებით არის. ხოლო ყოველივე ღვთისაგან არის.
თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეშვენის დედაკაცს ღვთის წინაშე თავდაუფარავად ლოცვა?
ანდა, განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცის გრძელთმიანობა სამარცხვინოა მისთვის?
მაგრამ დედაკაცის გრძელთმიანობა დიდებაა მისთვის. გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული.
და თუ ვინმე განიზრახავს იდაოს, ჩვენ არა გვაქვს ასეთი ჩვეულება, არც ღვთის ეკლესიებს.
ხოლო ამას რომ გამცნებთ, არ გაქებთ, რომ იკრიბებით არა უმჯობესისათვის, არამედ უარესისათვის.
ვინაიდან, ჯერ ერთი, გაგებული მაქვს, რომ როცა ეკლესიად იკრიბებით, დაყოფა არსებობს თქვენს შორის, რასაც ნაწილობრივ ვუჯერებ.
ვინაიდან აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ გამოცდილნი თქვენს შორის.
როცა იკრიბებით ერთად, უფლის სერს არა ჭამთ.
ვინაიდან ყველა წინასწარ ჭამს თავის საკუთარ სერს და ზოგი მშიერია და ზოგი მთვრალი.
ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისათვის არ გაქებთ.
ვინაიდან მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ იმ ღამეს, რომელსაც გაიცემოდა, აიღო პური,
მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად.“
ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად, რამდენჯერაც სვამდეთ.“
რადგან, ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს.
ამიტომ, ვინც შეჭამს ამ პურს ან დალევს უფლის სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე.
ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან.
ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ არჩევს რა უფლის სხეულს.
ამის გამო თქვენს შორის ბევრია უძლური და ავადმყოფი, და ბევრიც მოკვდა.
ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვეკითხა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი.
ხოლო მსჯავრდადებულნი ვიწვრთნებით უფლის მიერ, რათა სოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი.
ამიტომ, ჩემო ძმანო, როცა ერთად შეიკრიბებით საჭმელად, ერთიმეორეს დაელოდეთ.
და თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრის დასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ.
გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას, რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ.
რომლითაც გადარჩებით კიდეც, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გახარეთ, თუ ფუჭად არ ირწმუნებთ.
ვინაიდან თავიდანვე გადმოგეცით ის, რაც მე თავად მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია,
და რომ დამარხულ იქნა და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია,
და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს.
შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთაგან უმრავლესნი აქამდე ცოცხალნი არიან, ზოგმა კი განისვენა.
შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს.
ხოლო ყველაზე ბოლოს, როგორც უდღეურს, გამომეცხადა მეც.
ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღვთის ეკლესიას.
მაგრამ ღვთის მადლით ვარ, რაცა ვარ. და მისი მადლი არ იყო ჩემს მომართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტს ვშრომობდი - არა მე, არამედ ღვთის მადლი, რომელიც ჩემთანაა.
და აჰა, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ, და თქვენც ასე ირწმუნეთ.
ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო?
მკვდრეთით აღდგომა თუ არ არის, ქრისტეც არ აღმდგარა.
ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც.
მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღვთის ცრუ მოწმენი, რადგან დავამოწმებდით ღმერთზე, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუ მართლაც არ აღდგებიან მკვდრები.
რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა.
ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.
მაშინ ისინიც დაღუპულან, რომელთაც ქრისტეში განისვენეს.
და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ.
მაგრამ მკვდრეთით აღდგა ქრისტე, განსვენებულთა ნათავარი.
ვინაიდან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ — მკვდრეთით აღდგომა.
ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.
და თითოეული თავისი წესით: პირველად — ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნი მისი მოსვლისას.
მერე კი დასასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.
ვინაიდან მან უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხქვეშ მოაქცევდეს თავის ყველა მტერს.
ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.
იმიტომ, რომ ყოველივე დაამორჩილა მის ფეხქვეშ. ხოლო როცა ნათქვამია, რომ ყოველივე მას დაემორჩილა, ცხადია, გარდა იმისი, რომელმაც მას დაუმორჩილა ყოველივე.
და როცა ყოველივეს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.
თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რატომ ინათლებიან მკვდართათვის?
და ჩვენც ყოველუამს რატომ ვართ საფრთხეში?
ვფიცავ თქვენდამი ჩემს სიქადულს, ძმანო, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოში მაქვს, რომ ყოველდღე ვკვდები.
თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!“
ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს.
გამოფხიზლდით ჯეროვნად და ნუ სცოდავთ. ვინაიდან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს.
მაგრამ იტყვის ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენო?
უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა.
და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც იქნება, არამედ შიშველ მარცვალს, ხორბლის იქნება თუ რომელიმე სხვისა.
ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს, თითოეულ თესლს თავის სხეულს.
ყოველი ხორცი ერთი ხორცი როდია, არამედ ადამიანის ხორცი სხვანაირია, ცხოველის ხორცი სხვანაირი, ფრინველის ხორცი სხვანაირი, თევზისა სხვანაირი.
არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები, მაგრამ ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა — სხვა.
სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით.
ასევე მკვდრეთით აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით.
ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში.
ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მიწიერი სხეული და არის სულიერი სხეული.
ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალ არსებად.“ ხოლო უკანასკნელი ადამი — მაცოცხლებელ სულად.
მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მიწიერი და შემდეგ სულიერი.
პირველი კაცი მიწისგანაა, მიწიერი, ხოლო მეორე კაცი — ცისაგან.
და როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი.
და როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატაროთ ზეციერის ხატებაც.
ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძთ ღვთის სასუფევლის დამკვიდრება, და ხრწნაც ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელებას.
აი, მე საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით
ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
ვინაიდან, ეს ხრწნადი უხრწნელებით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.
ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელებით შეიმოსება და ეს მოკვდავი — უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: „სიკვდილი შთაინთქა ძლევით.“
„სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?“
სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია.
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible