Скрыть
3:1
3:5
3:7
3:15
3:16
3:26
3:27
3:28
Глава 5 
5:4
5:7
5:11
5:16
5:18
5:21
Глава 8 
8:4
8:10
8:20
8:21
8:22
8:25
8:26
8:39
აბა, რა არის იუდეველის უპირატესობა ან წინადაცვეთილობის სარგებლობა?
დიდია უპირატესობა ყოველნაირად, პირველ ყოვლისა: მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვები,
თორემ რაა? თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთის რწმენას?
არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი — ცრუ, როგორც სწერია: „რადგან მართალი ხარ შენს სიტყვებში, გამართლებული ხარ შენი განკითხვისას.“
ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გამოაჩენს ღვთის სიმართლეს, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? — ვლაპარაკობ ადამიანურად.
არამც და არამც! სხვაგვარად როგორღა განიკითხოს ღმერთმა სოფელი?
ვინაიდან, თუ ჩემი სიცრუით გამრავლდა ღვთის ჭეშმარიტება მისი დიდებისათვის, რაღად ვიქნე განკითხული როგორც ცოდვილი?
მაშ, ხომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია განკითხვა ასეთებზე.
მერედა, რა? გვაქვს უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან.
როგორც სწერია: „არავინ არის მართალი,
არავინ არის გონიერი; არავინ ეძებს ღმერთს.
ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება. არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.
მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია.
მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე.
მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად.
ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე
და მშვიდობის გზა არ იციან.
ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.“
ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი სოფელი ბრალდებული გახდეს ღვთის წინაშე.
იმიტომ, რომ რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა.
ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი,
ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება,
ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას,
და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით,
რომელიც წინდაწინ დააყენა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღვთის სულგრძელებაში,
რომ ამუამად გამოჩნდეს მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი.
სადღაა დასაკვეხნი? აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით.
რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად.
განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც.
ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელებს2— რწმენით.
მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს.
და, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,
რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების სასოებით.
და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას,
მოთმინება — სიმტკიცეს, სიმტკიცე — სასოებას,
ხოლო სასოება არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
ვინაიდან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განწესებულ უამს მოკვდა უკეთურთათვის.
ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილთათვის, შესაძლოა, ვინმემ კიდევ გაბედოს სიკვდილი.
მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.
ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით.
ვინაიდან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს, შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით.
უფრო მეტიც, ვიქადით ღმერთით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის წყალობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.
ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა.
ვინაიდან რჯულამდეც იყო ცოდვა სოფელში, მაგრამ, თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება.
მაგრამ სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა.
მაგრამ მადლი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით.
ხოლო ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შემცოდისაგან, ვინაიდან მსჯავრი ერთისაგან გამოდის განსაკითხავად, ნიჭი მადლისა კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად.
ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლს და სიმართლის ნიჭს, იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით.
ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.
ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.
რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რომ ემრავლა დანაშაულს. ხოლო სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი,
რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ.
ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად.
რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.
ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,
რათა აღსრულებულიყო რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად.
ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან — სულიერზე.
რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები — სიცოცხლე და მშვიდობა.
იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.
ამიტომ მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ აამონ ღმერთს.2
თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.
და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის.
ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.
ამიტომ, ძმებო, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ.
ვინაიდან, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.
რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან.
ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“
სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
ხოლო თუ შვილები — მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც.
ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ.
ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას.
რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ, სასოებით,
რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის.
ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე,
და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას.
ვინაიდან სასოებით ვიქენით დახსნილნი, ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება, ვინაიდან, თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს?
ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას. ვინაიდან არ ვიცით, როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.
ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ.
ვინაიდან, რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის.
ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.
ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?
ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს?
ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთი გამამართლებელი.
ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და, მეტიც, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის.
ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?
როგორც სწერია: „რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი.“
მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.
და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი,
ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible