Скрыть
2:1
2:5
2:7
2:9
2:13
2:16
2:18
2:21
Глава 3 
3:2
3:6
3:8
3:12
3:14
3:17
3:18
3:19
3:20
3:21
3:22
3:23
3:24
3:26
Глава 8 
8:2
8:3
8:5
8:9
8:17
8:23
Глава 31 
Глава 44 
44:9
44:11
44:14
44:15
44:16
44:19
44:20
44:21
Глава 45 
45:2
45:3
45:4
45:6
45:10
45:11
45:15
45:22
Глава 51 
51:1
51:4
51:14
51:18
51:20
Глава 55 
55:9
55:12
სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდაზე და იერუსალიმზე.
უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას.
დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.
სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს.
ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!
მაგრამ შენ მოიკვეთე შენი ერი, იაკობის სახლი, რადგან აღმოსავლეთით ავსებულან ისინი და ჯადოქრობით ფილისტიმელთა მსგავსად; უცხო თესლთა შვილებთან გადასკვნილან.
ავსებულა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; ავსებულა მათი ქვეყანა ცხენებით და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს.
ავსებულა მათი ქვეყანა კერპებით და ეთაყვანებიან საკუთარ ნახელავს, რაც მათმა თითებმა გამოძერწა.
დამცირდა ადამიანი, დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ მათ.
კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას!
დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!
რადგან დაუდგება ცაბაოთ უფლის დღე ყველა ამაყსა და მედიდურს, ყველა აღზევებულს, და დამდაბლდება.
ყველა ლიბანურ კედარს, მაღალს და აზიდულს, ყველა ბაშანურ მუხას,
ყველა მაღალ მთასა და ყველა აზიდულ მწვერვალს,
ყველა მაღალ გოდოლს და ყველა გამაგრებულ გალავანს,
ყველა თარშიშულ ხომალდს და ყველა თვალწარმტაც მორთულობას.
დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს.
და ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება.
შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.
იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა.
რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.
ბარემ გაეცალეთ ადამიანს, ნესტოებში რომ უდგას სული, რადგან რაღა ღირსება აქვს მას?
რადგან, აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმს და იუდას სახსარს და სასოს, პურის მთელ სახსარს;
ვაჟკაცს და მეომარს, მსაჯულს და ქადაგს, მისანს და უხუცესს,
ორმოცდაათისთავს და დიდებულს, მრჩეველს და ბრძენ ხელოვანს, გრძნეულ შემლოცველს.
სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე.
დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვასს; ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი - პატივდებულს.
რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში: სამოსელი გქონია, გაგვიხდი მთავრად, შენს ხელთ ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო.
დაიფიცებს იმ დღეს და იტჟვის: ვერ ვიქნები განმგებელი, არა მაქვსო სახლში პური, არც სამოსელი, ნუ დამადგენო ერის მთავრად.
რადგან დაემხო იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი სიტყვა და საქმე შეურაცხყოფაა უფლისათვის, უპატიობაა მისი დიდების თვალში.
მათივე გამომეტყველება ამხილებს მათ და სოდომელებივით აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს! ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს!
უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს.
ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს!
ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო, შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს!
წარდგა სამხილებლად უფალი და დგას ხალხთა განსასჯელად.
უფალი მსჯავრს სდებს თავისი ერის უხუცესებს და თავკაცებს: თქვენ გააჩანაგეთ ვენახი, ღარიბ-ღატაკთაგან წართმეულით აგივსიათ სახლები.
რატომ თელავთ ჩემ ერს და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ? ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი.
თქვა უფალმა: რაკი გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით მიმოდიან, ლაღად მოსეირნობენ და ფეხებზე რგოლებს მოაჟღარუნებენ.
თავს გაუქაჩლებს მეუფე სიონის ასულთ და სარცხვინელს გაუშიშვლებს მათ.
იმ დღეს აართმევს მათ მეუფე ფეხსამკაულ შიბებს, თავსაკრავებს და ყელსაბამებს,
საყურეებს, სამაჯურებს და პირბადეებს,
მჯიღებს, ფეხსამკაულებს და სარტყლებს, სუნამოს ჭურჭლებს და ავგაროზებს,
ბეჭდებს და ნესტოს რგოლებს,
ძვირფას შესამოსელს, მოსასხამებს, მანდილებს და ქისებს,
სარკეებს, პერანგებს, თავსაბურველს და ხალათებს.
სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი.
შენი ვაჟკაცები მახვილისგან დაეცემიან და შენი გმირები ბრძოლაში დაიხოცებიან.
მისი კარიბჭენი მოჰყვებიან მოთქმას და გოდებას, თავად კი მტვერში იჯდება იავარქმნილი.
მითხრა უფალმა: აიღე დიდი დაფა და ზედ გარკვევით დაწერე: იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვად.
ავიყვანე სანდო მოწმეები - ურია მღვდელი და ზაქარია ბარაქიას ძე.
დავუახლოვდი ქადაგ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი. მითხრა უფალმა: დაარქვი სახელად მაჰერ-შალალ ხაშ-ბაზ (იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვავად).
რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ.
კიდევ მელაპარაკა უფალი და ასე მითხრა:
რაკი შეიძულა ამ ხალხმა სილოამის მდორე წყალი და შეჰხარის რეცინს და რემალიას ძეს,
ამიტომაც მიაქცევს მათზე ჩემი მეუფე ძლიერ და უზღვავ წყალს (აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას). აპირთავდება მისი კალაპოტი და გადაიღვრება ნაპირებზე.
შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ!
დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ!
ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)
რადგან ასე მითხრა უფალმა, როცა ხელი ჩამავლო და გამაფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით.
ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ.
მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი.
ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და წაფორხილების კლდედ ისრაელის ორი სახლისთვის. ბადედ და მახედ იერუსალიმის მკვიდრისათვის.
ბევრი წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან.
შეჰკარი ეს ანდერძი, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეებში.
მე ველი უფალს, რომელიც პირს იფარავს იაკობის სახლისგან, და ვესავ მას.
აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული.
თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო?
მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი.
ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს.
მიწას დახედავს და, აჰა, დაინახავს გასაჭირს და სიბნელეს - წყვდიადს განუჭვრეტელს და უკუნეთში გაიტყორცნება.
მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი შეჭირვებულისთვის. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულონის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ასე უკანასკნელ დროს განადიდებს ზღვისპირეთს, წიაღიორდანეს და წარმართთა გალილეას.
ვაი ეგვიპტეში ჩამავალთ შემწეობისთვის, ცხენებისა და ეტლების მოიმედეთ, რადგან ბევრია, და მხედრებზე დანდობილთ, რადგან ძალზე ძლიერები არიან. არ უყურებენ ისრაელის წმიდას და უფალს არ ეკითხებიან.
მაგრამ ბრძენია ის და უბედურება მოაქვს. არ გადათქვამს თავის სიტყვებს, წინ აღუდგება უკეთურთა სახლს და ავისმქმნელთა შემწეობას.
კაცნია ეგვიპტელნი, არა ღმერთნი; მათი ცხენები ხორცია, არა სული. როცა უფალი მოიქნევს ხელს, წაიფორხილებს შემწე და დაეცემა შეწევნილიც. და ყველანი ერთიანად დაიღუპებიან.
რადგან ასე მითხრა უფალმა: როგორც ბრდღვინავს ლომი ან ლომის ბოკვერი თავის მსხვერპლზე, თუნდაც შემოადგეს მწყემსების გუნდი, არ ეშინია მათი ყვირილისა და არც მათ სიმრავლეს უფრთხის - ასე ჩამოვა ცაბაოთ უფალი საომრად სიონის მთაზე და მის გორაკზე.
როგორც ჩიტი ბარტყებს, ასე დაიფარავს ცაბაოთ უფალი იერუსალიმს, დაიფარავს და იხსნის, მოუფრთხილდება და გადაარჩენს.
დაუბრუნდით მას, ისრაელიანებო, ვისაც ღრმად განუდექით!
რადგან მოისვრის იმ დღეს ყოველი კაცი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, რომლებიც თქვენმა ცოდვილმა ხელებმა გააკეთეს.
არკაცური მახვილით დაეცემა აშური და არაადამიანური მახვილი შეჭამს მას; მახვილს გაექცევა, მის ჭაბუკებს კი დაიმონებენ.
შიშით ჩაუვლის თავის კლდეს და დაფრთხებიან მისი მთავრები დროშის წინაშე, ამბობს უფალი, რომელსაც ცეცხლი აქვს სიონზე და სახმილი - იერუსალიმში.
ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მორჩილო, და ისრაელ, ჩემო რჩეულო!
ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ: ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, და იეშურუნ, ჩემო რჩეულო.
რადგან წყალს მივუღვრი ურწყულს და ნაკადულებს - გამომშრალ მიწას; ჩემს სულს მივუღვრი შენს ნატამალს და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლებს.
აღმოცენდებიან როგორც ჯეჯილი მდელოთა შორის, როგორც ტირიფები წყლისპირებზე.
ერთი იტყვის: უფლისა ვარ, მეორე იაკობის სახელს დაირქმევს; სხვა დაიწერს საკუთარ ხელზე - უფლისა და ისრაელის სახელით იქნება წოდებული.
ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.
ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს, გადმომილაგოს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძველი ხალხი დავამკვიდრე; გამოუცხადონ მომავალი და მოწევნადი.
ნუ შიშობ, ნუ თრთი. განა თავიდანვე მე არ გამცნე, მე არ გამოგიცხადე? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? არ არის სხვა კლდე, არავინ ვიცი.
კერპის გამომსახველნი არარაობაა ყველანი და მათი ძვირფასეულობა უსარგებლოა; თავად არიან ამის მოწმენი. ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს მიმხვდარან, ამიტომაც შერცხვებიან.
ვინ გამოსახა ღმერთი და ვინ ჩამოასხა ქანდაკი, არაფრის მაქნისი?
აჰა, შერცხვებიან მისი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც ადამის მოდგმისანი არიან; შეიკრიბონ ყველანი, გამოცხადდნენ; ზარი დაეცეთ და შერცხვნენ ერთიანად.
რკინითხურო ჭედავს მას და ამუშავებს ნაკვერცხლებზე, კვერავს ჩაქუჩებით, ამუშავებს მას თავისი მკლავის ძალით; შივდება და ძალა ეცლება; წყალს არ სვამს და ქანცი წყდება.
ხითხურო გაჭიმავს ძაფს და შემოხაზავს წვერმახით, ამუშავებს ხელეჩოთი, ფარგლით შემოხაზავს მას და შექმნის მისგან კაცის სახესავით, ადამიანის სილამაზესავით, სახლში დასადგმელად.
კედრებს გაჩეხავს, შეარჩევს ძელქვას ან მუხას და მოიმარაგებს ტყის ხეთა შორის; დარგავს კედარს და წვიმა გაზრდის.
დასაწვავად იქცევა ადამიანისთვის: აიღებს მათგან და თბება; ღუმელსაც ახურებს და პურს აცხობს, ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, აკეთებს კერპს და განერთხმის მის წინაშე.
მის ნახევარს ცეცხლში წვავს, ნახევრით ხორცს ჭამს, მწვადს წვავს და ძღება; თბება კიდეც და ამბობს: ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო!
მისი მონარჩენი კი ღმერთად აქცია, თავის კერპად, რომლის წინაშე განრთხმულია, თაყვანს სცემს და ლოცულობს, ეუბნება: დამიფარე, რადგან ღმერთი ხარ ჩემიო.
არაფერი ესმით, ვერაფერს ხვდებიან, რადგან ამოუქოლათ თვალები, რომ ვერაფერი დაინახონ, და გულები - რომ ვერაფერს მიხვდნენ.
გულისხმაში ვერ მოდიან, არც ჭკუა აქეთ და არც გონება, რომ თქვან: ნახევარი ცეცხლში დავწვი, პურიც გამოვაცხვე ნაკვერცხლებზე, ხორცი შევწვი და ვჭამე; დანარჩენი სიბილწედ უნდა ვაქციო, ხის ნატეხის წინაშე უნდა განვერთხაო?
ნაცარს მწყემსავს, მოტყუებული გული გზაკვალს ურევს, ვერ იხსნის თავს და ვერ ამბობს: განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?
გაიხსენე ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მორჩილი ხარ! ჩემი გამოსახული ხარ, ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, არ დამავიწყდები.
ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით - შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
გიხაროდეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს! იყიჟინეთ, მიწის სიღრმეებო, სიხარულით იხმიანეთ, მთებო, ტყევ და ყოველო ხევ, რაც მასში ხარ, რადგან უფალმა გამოისყიდა იაკობი და ისრაელში განდიდდა.
ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის საშოში: მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა,
რომელმაც ჩაშალა ცრუწინასწარმეტყველთა ნიშნები, გამოაჩინა მკითხავთა სიბრიყვე, უკან დაახევინა ბრძენებს და მათი ცოდნა სიგიჟედ აქცია.
რომელიც განამტკიცებს თავისი მორჩილის სიტყვას და თავის მოციქულთა რჩევას განასრულებს, რომელიც ეუბნება იერუსალიმს: დასახლდები! და იუდას ქალაქებს: აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!
რომელიც ეუბნება ღურღუმელს: ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს!
რომელიც ამბობს კიროსზე: ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!
ასე უთხრა უფალმა თავის ცხებულს, კიროსს, რომლის მარჯვენა მიჭირავს, რათა ხალხები დავამხო მის წინაშე და სარტყელი შევუხსნა მეფეებს, რათა კარიბჭენი გაიხსნას მის წინაშე და ჭიშკრები არ ჩაიკეტოს.
მე წაგიძღვები და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ,
მოგცემ წყვდიადის საგანძურებს და საიდუმლოდ დამარხულ სიმდიდრეს, რათა მიხვდე, რომ მე უფალი ვარ, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი.
ჩემი მორჩილის, იაკობის, და ისრაელის, ჩემი რჩეულის, გულისათვის გიწოდებ სახელს და გნათლავ, თუმცა არ მიცნობ.
მე უფალი ვარ და მეტი არავინაა, არ არის ღმერთი ჩემს გარდა. მე გარტყამ სარტყელს, თუმცა არ მიცნობ.
რათა გაიგონ მზის აღმოსავლეთში და დასავლეთში, რომ არავინაა ჩემს გარდა, რომ მე ვარ უფალი და მეტი არავინაა.
ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი.
იწვეთოს მაღლიდან ზეცამ და ღრუბლებმა ასხურონ სიმართლე, გადაიხსნას მიწა და ხსნამ ინაყოფოს, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად! მე, უფალმა, შევქმენი ეს.
ვაი თავის გამჩენთან მოდავეს, ერთ ნამსხვრევს თიხის ნამსხვრევთაგან! თუ უთქვამს თიხას თავის გამომსახველისთვის: რას აკეთებო? და შენს ქმნილებას არა აქვსო ხელები?
ვაი მას, ვინც მამას ეუბნება: რისთვის გამაჩინეთ? და ქალს: რისთვის იტანჯეო?
ასე ამბობს უფალი, ისრაელის წმიდა და მისი გამჩენი: შემეკითხებით ჩემი შვილების მომავალზე და ჩემ ხელთა ქმნილებაზე მიბრძანებთ რასმე?
მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე, ჩემი ხელით გადავფინე ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე.
მე აღვძარი ის სიმართლით და ყოველი მისი გზა გავასწორე; ის ააშენებს ჩემს ქალაქს და გაათავისუულებს ჩემს ტყვეებს უსასყიდლოდ და ძღვენის გარეშე, ამბობს ცაბაოთ უფალი.
ასე ამბობს უფალი: ეგვიპტის ჭირნახული და ნავაჭრი ქუშისა და საბაელთა, ახოვან კაცთა, შენთან მოვა და შენი იქნება; შენ შეგიდგებიან, წამოვლენ ბორკილდასხმულნი და გეთაყვანებიან, ვედრებას დაგიწყებენ. ნამდვილად შენშია ღმერთი და სხვა ღვთაება არავინაა.
ჭეშმარიტად, შენა ხარ ღმერთი დაფარული, ისრაელის ღმერთი, მაცხოვარი.
შერცხვებიან და შეცბუნდებიან ყველანი, ერთიანად ჩაცვივდებიან სირცხვილში კერპთა მკეთებელნი.
უფალი იხსნის ისრაელს საუკუნო ხსნით; არ შერცხვებიან და არ შეცბუნდებიან უკუნითი უკუნისამდე.
რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა.
საიდუმლოდ, ბნელი ქვეყნის ადგილზე, არ მილაპარაკნია; არ მითქვამს იაკობის მოდგმისათვის: ამაოდ მეძებთ-მეთქი. მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, სიწრფელეთა გამომცხადებელი.
შეგროვდით და მოდით, ახლოს მოდექით ერთად, ხალხებიდან გადარჩენილნო! არაფერი ესმით თავიანთი ხის კერპების მტვირთველებს და იმ ღმერთის მლოცველთ, რომელსაც არ ძალუძს გადარჩენა.
გამოაცხადეთ, მოდექით, მოითათბირეთ ერთმანეთში: ვინ გვასმინა ეს ძველთაგანვე, დიდი ხნის წინათ ვინ გამოაცხადა? ეს მე არ ვიყავი, უფალი? არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა; მართალი ღმერთი და მაცხოვარი ჩემს გარდა არავინაა.
ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.
ჩემი თავი მაქვს დაფიცებული, ჩემი პირიდან გამოვიდა სიმართლე და ჩემი სიტყვა არ გადაითქმის, რადგან ყოველი მუხლი ჩემს წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცავს.
მხოლოდ უფალშია, იტყვიან ჩემზე, სიმართლე და ძალა. მასთან მივლენ და შერცხვებიან ყველანი, ვინც მასზე ჯავრობდნენ.
უფალში გამართლდება და განდიდდება მთელი მოდგმა ისრაელისა.
მისმინეთ, სიმართლის მადევარნო, უფლის მძებნელნო! შეხედეთ კლდეს, საიდანაც ხართ გამოკვეთილნი, და ორმოს ღრმულს, საიდანაც ხართ ამოთხრილნი!
შეჰედეთ აბრაამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს მშობელს, რადგან როცა ერთი იყო, მაშინ მოვუწოდე მას, ვაკურთხე და გავამრავლე.
რადგან ანუგეშებს უფალი სიონს, ანუგეშებს ყოველ მის ნაოხარს; სამოთხედ გადააქცევს მის უდაბნოს და უფლის ბაღად მის ტრამალს, სიხარული და შვება გაჩნდება იქ, სამადლობელი და გალობის ხმები.
გამიგონე, ჩემო ერო, და ჩემო ტომო, ყური დამიგდე, რადგან ჩემგან გამოვა რჯული და სინათლედ დავუდგენ ხალხებს ჩემს სამართალს.
ახლოვდება ჩემი სიმართლე, მოაწია ჩემმა ხსნამ და ჩემი მკლავი განსჯის ხალხებს. მე დამენდობიან ზღვისპირელნი და ჩემი მკლავის იმედი ექნებათ.
თვალი ააპყარით ცისკენ და დაბლა მიწას დახედეთ; რადგან ცა კვამლივით განქარდება და მიწა სამოსელივით გაცვთება, მისი მცხოვრებნი ქინქლებივით დაიხოცებიან; ჩემი ხსნა კი საუკუნოდ დარჩება და ჩემი სიმართლე არ დაირღვევა.
მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, ვისაც გულში გაქვთ ჩემი რჯული. ნუ გეშინიათ კაცთაგან შეურაცხებისა და მათი ლანძღვა-გინება ნუ შეგაკრთობთ;
რადგან სამოსელივით შეჭამს მათ ჩრჩილი და მატყლივით შეჭამს მათ ჭია; ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ დარჩება და ჩემი ხსნა თაობიდან თაობაში გადავა.
აღდექ, აღდექ, ძალი შეიმოსე, უფლის მკლავო! აღდექ, როგორც ძველ დროში, ძველ თაობებში. განა შენ არა ხარ რაჰაბის გამკვეთელი, ურჩხულის გამგმირავი?
განა შენ არ ამოაშრე ზღვა, დიდი უფსკრულის წყლები? და ზღვის სიღრმეები გზად გადააქციე თავდახსნილთა გადასავლელად?
უფლის გამოსყიდულნი მობრუნდებიან და გახარებულნი მოვლენ სიონზე; მარადიული სიხარული იქნება მათ თავზე, ლხენას და სიხარულს ეწევიან, ვაება და კვნესა კი უკუიქცევა.
მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი! ვინა ხარ, რომ გეშინია მკვდარი კაცისა და ადამის ძისა, ბალახად რომ შეირაცხება?
დაგვიწყებია უფალი, შენი შემქმნელი, ცათა გარდამთხმელი და მიწის დამფუძნებელი, და გეშინია მუდამდღე, გამუდმებით, მჩაგვრელის რისხვისა, დასაღუპავად რომ ემზადება. მაგრამ სად არის მჩაგვრელის რისხვა?
მალე გათავისუფლდება დამონებული, არ მოკვდება დილეგში და არ მოაკლდება პური.
მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელიც აღელვებს ზღვას და ბობოქრობენ მისი ზვირთები. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
ჩავდევი ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე, რათა დავნერგო ახალი ცა და დავაფუძნო ახალი მიწა, რომ ვუთხრა სიონს: ჩემი ერი ხარ!
გაიღვიძე, გაიღვიძე, ადექი, იერუსალიმო, რომელმაც შესვი უფლის ხელიდან მისი რისხვის თასი, ძირისძირამდე შესვი ფიალა, სიბრუკის თასი.
არავინ არის მისი წინამძღოლი მის ნაშობ ვაჟებს შორის და ხელის ჩამჭიდებელი მის გაზრდილ ვაჟებს შორის.
ეს ორი რამ შეგემთხვა შენ; ვინ შეგიცოდებს? დაღუპვა და დაქცევა, შიმშილი და მახვილი! ვითი განუგეშო?
შენს შვილებს ქანცი გაუწყდათ, ყოველი ქუჩის თავში ყრიან, ბადეში გახვეულ ირმებივით, სავსენი უფლის რისხვით, შენი ღვთის მძვინვარებით.
ამიტომ გაიგონე ეს, ბედშავო, მთვრალო, მაგრამ უღვინოდ!
ასე ამბობს შენი მეუფე, უფალი და შენი ღმერთი, მოსარჩლე თავისი ხალხისა: აჰა, გართმევ შენი ხელიდან სიბრუვის თასს, ფიალას, თასს ჩემი რისხვისა, რომ მეტჯერ აღარ შესვა იგი.
და ხელში მივცემ მას შენს მტანჯველებს, რომლებიც გეუბნებოდნენ: დაწექი, რომ გადაგიართთ, და შენც მიწასავით გახადე შენი ზურგი და ქუჩასავით - გამვლელთათვის.
ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით, და ვერცხლის უქონელნო, წადით, იყიდეთ და ჭამეთ! წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე!
რისთვის ხარჯავთ ვერცხლს, თუ ბურს ვერ შოულობთ? რისთვის შრომობთ, თუ ვერ ძღებით? მე მომისმინეთ და შეჭამთ საუკეთესოს, ნოყიერი საკვებით დაიტკბობთ სულს.
ყური მომაპყარით და ჩემთან მოდით; მისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული. დაგიდებთ საუკუნო აღთქმას დავითის მტკიცე სიქველეთა გამო.
აჰა, დავსვი ხალხების მოწმედ, ხალხების ბელადად და მბრძანებლად.
აჰა, ხალხს, რომელსაც არ იცნობ, მოუწოდებ, და ხალხი, რომელიც არ გიცნობს, შენსკენ გამოეშურება უფლის, შენი ღმერთის გამო და ისრაელის წმიდის გამო, რადგან მან განგადიდა შენ.
ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი.
მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია.
რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი.
რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე.
რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს,
ასევე იქნება ჩემი სითყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე.
რადგან სიხარულით გახვალთ და მშვიდობით იქნებით ნატარები; მთები და ბორცვები მხიარულ ყიჟინას დასცემენ თქვენს წინაშე და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს.
ეკლის ადგილზე ალვისხე ამოვა და ქაცვის ადგილზე მურტი ამოვა; და იქნება უფლისათვის სახელად და საუკუნო ნიშნად, რომელიც არ წაიშლება.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible