Скрыть

წიგნი მეორე რჯულისა, Главы 7-11

Толкования
7:3
7:7
7:11
7:13
7:18
7:23
7:24
Глава 11 
11:2
11:3
11:5
11:7
11:8
11:15
11:27
11:31
11:32
როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ და მოგაშორებს მრავალრიცხოვან ხალხებს - ხეთელებს, გირგაშელებს, ამორეველებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს - შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს,
ხელში ჩაგაგდებინებს და შენც დაამარცხებ მათ, დაარისხე ისინი, არ შეკრა მათთან კავშირი და არც დაინდო.
არ დაუმოყვრდე, არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად,
რადგან ჩემი გზიდან ააცდენენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ განადგურდებით.
ასე მოექეცით მათ: დაუნგრიეთ სამსხვერპლოები, დაულეწეთ სვეტები, გაუჩეხეთ ხემხვივანები და ცეცხლში დაწვით მათი კერპები.
რადგან წმიდა ერად ყავხარ უფალს, შენს ღმერთს. შენ აგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ჰყოლოდი უნჯ ერად ყველა ერს შორის, რომელიც კი არსებობს დედამიწის ზურგზე.
იმის გამო კი არ მოგისურვა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი იყავი, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ,
არამედ იმის გამო, რომ უყვარდით უფალს და ინახავდა თქვენს მამა-პაპასთან დადებულ ფიცს. გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის ხელიდან.
იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი მტკიცე ღმერთია, შემნახველი ათას თაობაში აღთქმისა და წყალობისა მის მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც დაიცავს მის მცნებებს.
სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, მათი დამღუპველი უყოყმანოდ. არ დაახანებს, უყოყმანოდ მიუზღავს სამაგიეროს თავის მოძულეებს.
დაიცავი მცნებები, წესი და სამართალი, რომლის შესრულებასაც გავალებ დღეს.
თუ შეისმენთ ამ სამართალს, შეინახავთ და შეასრულებთ მას, უფალი, თქვენი ღმერთიც შეგინახავთ აღთქმას და წყალობს, რაც შეჰფიცა თქვენს მამა-პაპას.
შეგიყვარებს, დაგლოცავს, გამრავლებს და გიკურთხებს შენი მუცლის ნაყოფს, შენი მიწის ნაყოფს, პურს, ღვინოს და ზეთს, საქონლის ნამატს და ცხვრის მონაგებს იმ მიწაზე, რომელიც შენთვის მისაცემად აღუთქვა შენს მამა-პაპას.
კურთხეული იქნები ყველა ხალხზე უფრო, არ იქნება შენში და არც შენს საქონელში ბერწი და უნაყოფო.
აგაშორებს უფალი ყოველგვარ სნეულებას, არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.
შენ შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. ნუ შეიწყალებს მათ შენი თვალი. არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს, რადგან ხაფანგი იქნება ეს შენთვის.
თუ იტყვი გულში: ჩემზე ბევრნი არიან ეს ხალხები, როგორ შევძლებო მათ განდევნას?
ნუ შეგეშინდება მათი, გაიხსენე, რა გაუკეთა უფალმა, შენმა ღმერთმა ფარაონს და მთელს ეგვიპტეს-
დიდი განსაცდელნი, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ნიშნები და სასწაულები, მაგარი ხელი და შემართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასე უყოფს უფალი, შენი ღმერთი ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.
კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ გაანადგურებს ყველას, ვინც გადაგირჩება და დაგემალება.
ნუ უფრთხი მათ, რადგან უფალი, შენი ღმერთია, შენს შორის, დიადი და საშინელი ღმერთი.
თანდათანობით მოგაშორებს უფალი, შენი ღმერთი ამ ხალხებს. მალე არ უნდა გადააშენო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველის მხეცებმა.
დაყრის მათ შენს წინაშე, მაგრად შეარყევს მათ და განადგურდებიან.
ხელში ჩაგაგდებინებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახენებელს.
ცეცხლში დასწვით მათი ღმერთების ქანდაკები, ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აქვთ. ნუ წაიღებ, რომ ხაფანგად არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის.
არ შეიტანო სისაძაგლე შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. გეზიზღებოდეს და გძაგდეს, რადგან დარისხებულია იგი.
სულ მუდამ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, შეუსრულეთ ვალი, წესი, სამართალი და მცნებები.
იცოდე ეს დღეს, რადგან არ ეცოდინებათ თქვენს შვილებს, რომელთაც არ უნახავთ უფლის, თქვენი ღმერთის, სასჯელი, მისი სიდიადე, მისი მაგარი ხელი და მოღერილი მკლავი,
მისი სასწაულები და საქმეები, რაც გაუკეთა შუაგულ ეგვიპტეში ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მთელს მის ქვეყანას,
რაც უყო ეგვიპტელთა ლაშქარს, მის მხედრებს და ეტლიონს, რომლებსაც თავზე დაანთქა მეწამული ზღვის წყლები, როცა თქვენ გედევნებოდნენ, და დაღუპული ჰყავს ისინი დღემდე უფალს,
რასაც უდაბნოში გიკეთებდათ, ვიდრე ამ ადგილას მოხვიდოდით,
რაც გაუკეთა დათანს და აბირამს, რეუბენის ძის, ელიაბის შვილებს, როცა დააღო პირი მიწამ და მთელი ისრაელის თვალწინ შთანთქა ისინი მათი სახლებიანად, კარვებიანად და მთელი ქონებითურთ, რაც კი გააჩნდათ მთელს ისრაელში.
რადგან უხილავთ თქვენს თვალებს უფლის დიადი საქმეები, რაც მოიმოქმედა მან.
შეასრულეთ ყოველი მცნება, რომელსაც გიცხადებთ დღეს, რათა გამტკიცდეთ, დაიძრათ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ გაღმა.
რათა დღეგრძელი იყოთ იმ მიწაზე, რომელიც ფიცით აღუთქვა მისაცემად თქვენს მამა-პაპას და მის შთამომავლობას, იმ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი.
რადგან ქვეყანა, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად, არა ჰგავს ეგვიპტის ქვეყანას, საიდანაც გამოხვედი, სადაც თესავდი თესლს და რწყავდი შენი ფეხით, როგორც ბოსტანს.
ის ქვეყანა კი, რომლის დასამკვიდრებლადაც გაღმა გადადიხართ, მთაგორიანი და ველებიანი ქვეყანაა და ციდან ნაწვიმები წყლით ირწყვება,
ქვეყანა რომელზედაც გამუდმებით ზრუნავს უფალი, შენი ღმერთი. უფლის, შენი ღმერთის თვალი ტრიალებს მასში წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე.
და თუ შეიგონებ ჩემს მცნებებს, რომელთაც დღეს გიცხადებთ, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და სულით,
დროულად მივცემ წვიმას თქვენს ქვეყანას, გაზაფხულის და შემოდგომის წვიმას, მოიწევ ხორბალს, ღვინოს და ზეთს.
გავაჩენ ბალახს შენს მინდვრებზე საქონელისთვის. ჭამე და გაძეხი.
ფრთხილად იყავით, არ შეცდეს თქვენი გული, არ გადაუხვიოთ, უცხო ღმერთებს არ დაუწყოთ სამსახური და თაყვანისცემა.
თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს, დახშავს ცას, აღარ იქნება წვიმა, მიწა მოსავალს არ მოგცემთ და მალე გადაშენდებით იმ მადლიანი ქვეყნიდან, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი.
გულში და სულში ჩაიდევით ეს ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე დაიბეჭდეთ სამახსოვროდ.
ასწავლეთ თქვენს შვილებს, ელაპარაკეთ ამაზე შინ ყოფნისას და გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას.
წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარიბჭეს,
რათა იმდენ ხანს იცოცხლოთ თქვენ და თქვენმა შვილებმა ამ მიწაზე, რომელიც მისაცემად აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას, რამდენ ხანსაც ცა იარსებებს მიწის ზემოთ.
თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ მცნებას, რომლებსაც გიცხადებთ, რათა ასრულებდეთ მათ, გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, იაროთ მის გზაზე და მიეწებოთ მას,
მოგაშორებს უფალი ყველა ამ ხალხს და თქვენც დაეპატრონებით თქვენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს.
ყოველი ადგილი, სადაც კი დაიდგმება თქვენი ტერფი, თქვენი იქნება - უდაბნოდან და ლიბანიდან, მდინარიდან, ევფრატის მდინარიდან უკანა ზღვამდე იქნება თქვენი საზღვარი.
ვერავინ დაგიდგებათ წინ, შიშსა და ზარს დასცემს თქვენგნით უფალი ყველა ქვეყანას, სადაც კი შეაბიჯებთ, როგორც მას უთქვამს თქვენთვის.
უყურეთ, ასარჩევად გაძლევთ დღეს კურთხევას და შეჩვენებას:
კურთხევას - თუ შეიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გიცხადებთ დღეს,
შეჩვენებას - თუ არ შეიგონებთ, უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ გზას, რომელსაც გიცხადებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ.
და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, მიეცი კურთხევა გერიზიმის მთაზე და შეჩვენება - ღებალის მთაზე
(აგერ, აქვეა ისინი, იორდანეს გაღმა, გზის ბოლოს, დასავლეთით, ბარის ქანაანელთა ქვეყანაში, გილგალიის პირდაპირ, მამრეს მუხებთან),
რადგან თქვენ გადადიხართ იორდანეზე, რომ მიხვიდეთ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი, თქვენი ღმერთი. დაიმკვიდრებთ მას და იცხოვრებთ იქ.
ეცადეთ, რომ შეასრულოთ წესი და სამართალი, რომელსაც დღეს ვიძლევი თქვენს წინაშე.
Толкования стиха Скопировать ссылку Скопировать текст Добавить в избранное
Библ. энциклопедия Библейский словарь Словарь библ. образов Практическая симфония
Цитата из Библии каждое утро
TG: t.me/azbible
Viber: vb.me/azbible